ხელოსან ბიჭს გოგიას ბაზრობაზე სოფლიდან ჩამოსული გოგო ტასია შეუყვარდება, გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს. ტასიას სოფელში მაყრიონის თანხლებით ჩასულ გოგიას პატარძალი აღარ დახვდება - თავადის ქალის ბრძანებით გოგო ბატონის სახლში შინამოსამსახურედ წაუყვანიათ. ხანშიშესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მის ცოლად შერთვას გადაწყვეტს, მაგრამ ბატონყმობა უკვე გადავარდნილია - ბატონის სურვილი კანონი აღარ არის. გოგიას მეგობარი ყარაჩოღელები ბატონს პატარძალს წაართმევენ და გოგიას და ტასიას ჯვარს დაწერენ.

ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.